02.04.2019
ლევან კუტალია: 'ტორპედოსთან' სათამაშოდ ფსიქოლოგიურადაც და ფიზიკურადაც მზად ვარ!..

ლევან კუტალია თბილისის “დინამოს” ძალიან კარგად შეეწყო. ამის დასტურია გამოცდილი შემტევის მიერ დედაქალაქურ დერბიში შესრულებული ჰეთ-თრიკი. “დინამომ” 4:2 მოუგო “საბურთალოს” საფეხბურთო თრილერში და ფაქტია, ამ გამარჯვებაში 29 წლის კუტალიას წვლილი ძალიან დიდია...

როგორც ჩანს, ლევანმა კარგად აუღო ალღო მისთვის ახალ პოზიციაზე თამაშს. ცენტრალურ თავდამსხმელად გარდაქმნა ყველას როდი შეუძლია. კუტალია საქართველოს ჩემპიონატის მომავალ ტურშიც იქნება ყურადღების ცენტრში. “ქართული კლასიკო” არავისთვისაა რიგითი მატჩი და განსაკუთრებით მისთვის, რადგან ის “დინამოს” სწორედაც რომ ქუთაისის “ტორპედოდან” შეუერთდა...

გუშინ “ლელო” კუტალიას დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა. რა თქმა უნდა, ჩვენი საუბარი “დინამო”-”საბურთალოს” მატჩის შეფასებით დავიწყეთ.

- ლევან, თავდაპირველად შევაფასოთ “დინამოსა” და “საბურთალოს” მატჩი. როგორია თქვენი აზრი ამ თამაშზე, რა იყო გადამწყვეტი ფაქტორი, რამაც “დინამოს” გამარჯვება განაპირობა?

- “საბურთალო” ქვეყნის მოქმედი ჩემპიონია და, რა თქმა უნდა, ყველა რთულ თამაშს ველოდით. ასეც მოხდა. იყო ეპიზოდები, როცა ჩამოვრჩით მეტოქეს, მაგრამ სწრაფად მოვიკრიბეთ ძალა და გავიმარჯვეთ. ყველანი ძალიან გახარებულები ვართ, მაგრამ ვაცნობიერებთ იმასაც, რომ მთავარი ბრძოლები ჯერ კიდევ წინაა. რა იყო გადამწყვეტი? ჩემი აზრით, ჟინი და მონდომება. “დინამოს” ძალიან უნდოდა ამ თამაშის მოგება.

- საინტერესოა, როგორ ემზადებოდით ამ მატჩისთვის? რას გეუბნებოდათ ინტუიცია?

- როგორც იცით, მას შემდეგ, რაც თბილისის “ლოკომოტივი” 4:0 დავამარცხეთ, სანაკრებო პაუზა დაიწყო. ნაყოფიერად გამოვიყენეთ ის, ბევრს ვვარჯიშობდით და სხვადასხვა ტაქტიკურ ნიუანსს ვხვეწდით. მთელმა გუნდმა იცოდა, რომ ჩვენი ერთადერთი მიზანი გამარჯვება იყო. ფსიქოლოგიურადაც ძალიან კარგად ვიყავით მომზადებულები... რაც შეეხება ჩემს სამ გოლს, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, მაგრამ რომ არა ჩემი თანაგუნდელები, ამას ნამდვილად ვერ შევძლებდი... მატჩამდეც და უშუალოდ მატჩის დროსაც მქონდა შეგრძნება, რომ უნდა მოგვეგო, მაშინაც კი, როცა “საბურთალო” ორჯერ გავიდა წინ.

- მიმდინარე ეროვნულ ლიგაში პირველი ჰეთ-თრიკის ავტორი ხართ, სულ რამდენჯერ გაგიტანიათ ერთ მატჩში 3 გოლი?

- ზუსტად მახსოვს, რომ ეს მესამე ჰეთ-თრიკია ჩემს კარიერაში. პირველად, ბოსნიის ჩემპიონატში გავიტანე 3 გოლი. მეორედ - საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველ ლიგაში, როცა ზუგდიდის “ოდიშის” ღირსებას ვიცავდი.

- ახალი “დინამო” ძალიან საინტერესო გუნდია ქართველი ქომაგისთვის. საით მიდის გუნდი?

- ძალიან ბევრი ნიუანსია... ახალი გუნდია “დინამო”, ახალი სამწვრთნელო შტაბითა და ბევრი ახალი ფეხბურთელით. მახარებს ის, რომ როგორც გუნდი, დღითიდღე უკეთესები ვხდებით და ეს, ალბათ, შესამჩნევია. რაც შეეხება იმას, თუ საითკენ მივდივართ, ეს არის მაქსიმალური თავდადება, გუნდურობა... ყველა ფეხბურთელი ბოლომდე უნდა დაიხარჯოს მინდორზე. ესაა თანამედროვე ფეხბურთის მთავარი მოთხოვნები და ამას ითხოვენ ჩვენგანაც, რადგან სხვანაირად არაფერი გამოვა.

- როგორ გგონიათ, რეალურად შეუძლია მიმდინარე სეზონში “დინამოს” საქართველოს ჩემპიონობა?

- ყველამ ვიცით, რომ სამი წელია, “დინამო” არ ყოფილა საქართველოს ჩემპიონი. გუნდის თითოეული წევრი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყნის მთავარი ტიტული მოვიგოთ. ჩემი აზრით, ამ “დინამოს” ეს ნამდვილად შეუძლია.

- მომავალ ტურში, ეგრეთ წოდებული, “ქართული კლასიკოა”. თქვენ ქუთაისში გიწევთ ჩასვლა. როცა “ტორპედო” დატოვეთ და “დინამოში” გადახვედით, იქაური ქომაგები ამას აღტაცებით არ შეხვედრიან, პირიქით. თუმცა ფეხბურთში ეს ჩვეულებრივი ამბავია და, ალბათ, არც პირველი ხართ და არც უკანასკნელი, ვისაც ასეთი ხვედრი ერგო. როგორი განწყობით მიდის ლევან კუტალია ქუთაისის “ტორპედოსთან” სათამაშოდ?

- ქართულ კლასიკოს ყველა ძალიან დიდი ინტერესით ელის. “ტორპედო” ძალიან კარგი გუნდია. მას ჰყავს ძალიან კარგი ფეხბურთელები და ასევე ძალიან კარგი სამწვრთნელო შტაბი. მზად ვარ “ქართული კლასიკოსთვის” როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად. თბილისის “დინამო” არის გუნდი, რომელსაც დღეს ნებისმიერის დამარცხება შეუძლია.

- ისე ჩანს, რომ ცენტრფორვარდის ამპლუაში თავს შესანიშნავად გრძნობთ...

- როგორც ამბობენ, უნივერსალური ფეხბურთელი ვარ. სხვადასხვა დროს მითამაშია მარჯვენა და მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე. ასევე შუა ნახევარმცველად. ცენტრალური თავდამსხმელის ამპლუა ჩემთვის არ არის ყველაზე ახლოს, თუმცა, სადაც გუნდს დავჭირდები, იქ ვითამაშებ და თავს არ დავზოგავ. ვეცდები, ყველგან წარმატებული და შედეგიანი ვიყო.

- დაბოლოს, ალბათ, ფიქრობთ საქართველოს ნაკრებში მოხვედრაზე, სადაც მძაფრად დგას შედეგიანი თავდამსხმელის პრობლემა...

- რა თქმა უნდა, ამაზე ვფიქრობ და ძალიან ბევრს ვმუშაობ იმისთვის, რომ ეროვნულ გუნდში შანსი მომეცეს, თუნდაც ამხანაგურ შეხვედრაში. ყველა ფეხბურთელის ოცნებაა ნაკრებში თამაში და, ცხადია, არც მე ვარ გამონაკლისი. თუ მომეცემა ასეთი შანსი, ყველანაირად ვეცდები მის გამოყენებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
02.04.19  https://bit.ly/2WF0kpG
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019