26.04.2019
რომან ფიფია: “ბრაგას” მწვრთნელმა გვითხრა - სამ ბავშვს ახლავე სიამოვნებით წავიყვანო

რომან ფიფია კიდევ ერთი საერთაშორისო ტურნირის დაფუძნებას აპირებს. თბილისის “დინამოს” პრეზიდენტს ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირის შემდეგ ველაპარაკეთ, სადაც თბილისური კლუბის საფეხბურთო აკადემიის გუნდმა მშვენიერი თამაში აჩვენა და დამაჯერებლად მოიგო ტრადიციად ქცეული გათამაშება...

- ამ ტურნირმა დიდი სტიმული მომცა, რადგან გამოჩნდა, რომ საიმედო მომავალს ვზრდით, გვითხრა რომან ფიფიამ საუბრის დასაწყისში, - 8 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც “დინამოს” აკადემია დაფუძნდა და რეალურად, სწორედ ახლა ჩანს, რა თაობებს ვზრდიდით და აკადემია როგორ მუშაობს. ეს სისტემა რომ გაიმართა, ამაზე არა მხოლოდ დარასელიას თასზე გამარჯვება მეტყველებს, არამედ ის თამაშის ხარისხიც, რაც პატარა დინამოელებმა აჩვენეს - მე ეს ყველაზე მეტად გამიხარდა.

ვუყურებდი და დავრწმუნდი, რომ აკადემია ნელ-ნელა სწორედ იმ თაობებს გვიზრდის, რომლებიც ჩვენი ფეხბურთის მომავალს განაპირობებენ. ეს სტუმრებმაც აღნიშნეს.

- კონკრეტულად ვინ?

- “ციურიხის” აკადემიის დირექტორმა გვითხრა, ჩემთვის ახალი ქვეყანა აღმოვაჩინე, რომელიც საფეხბურთო კუთხითაც განვითარებულია და ნიჭიერ ბავშვებს ზრდისო. ტურნირის დანიშნულება რა არის? ის, რომ ევროპელებთან კავშირები დავამყაროთ და ქვეყანა გავაცნოთ. ამ დანიშნულებას დარასელიას თასი უკვე ასრულებს და ეს ძალიან მიხარია. ევროპის ყველაზე ძვირი ქალაქიდან ჩამოსული ადამიანი ჩვენი აკადემიის პირობებით გაოცებული დარჩა, მისთვის ხომ ასეთი მოწესრიგებული ბაზა და ქალაქი სადღაც პოსტსაბჭოეთში წარმოუდგენელი იყო. კიევის “დინამოს” წარმომადგენელმა გამაოცა - მსგავსი ტურნირის ჩატარება გვსურდა და ორგანიზება ვერ მოვახერხეთო. “ვულვზის” დირექტორმა კი დარასელიას თასს ტოპტურნირი უწოდა. “ფეიენოორდის” მწვრთნელი, გასტონ ტაუმენტი ამ კლუბის ლეგენდა და ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი წევრია. ის აღტაცებული დარჩა. ჩვენ გვინდა, რომ მომავალ წელს “ლივერპული” მოვიწვიოთ - ამაზე წინასწარი მოლაპარაკება უკვე გვქონდა. 

- შარშან “რეალის” ჩამოსვლაც დააანონსეთ. რატომ არ გვესტუმრნენ ესპანელები?

- სამწუხაროდ, მათთვის მოსახერხებელი დრო შემოდგომაა, აპრილში ჩამოსვლას ვერ ახერხებდნენ. სხვათა შორის, ამის გამო, შესაძლოა, კიდევ ერთი ტურნირი ჩავატაროთ, რომელიც შემოდგომაზე გაიმართება და დარასელიას თასისგან განსხვავებით, 13-14 წლის ბიჭები ითამაშებენ. 

- სტუმრებმა საინტერესო ბავშვები თუ აღმოაჩინეს? 

- ჩემთვის მთავარი უცხოელთა დაინტერესება კი არ არის, არამედ ის, რომ ამ ბავშვებს გაზრდისთვის ყველანაირი პირობა აქვთ. უცხოეთში ხშირად დადიან, მათთვის ევროპელებთან თამაში მოვლენა კი არა, ჩვეულებრივი ამბავია. თაობები სწორედ ასე იზრდებიან. ჩვენი აკადემიის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშის, საბა გეგიაძის ნათქვამი მომეწონა “ლელოსთან” ინტერვიუში - გამოცდილებაც შევიძინეთ, ვიცით, ვინ რას წარმოადგენს, უკვე ისიც ვიცით, რომ იტალიელები პროვოკაციებს არ ერიდებიან და ამის ცოდნაც გამოგვადგებაო. ამ ბიჭებს არ ეშინიათ იტალიელების, ჰოლანდიელების, ინგლისელების, უკრაინელების, პორტუგალიელების... და იცით, რატომ? იმიტომ, რომ იციან მათი პლუს-მინუსები და მათთან არა მხოლოდ ბრძოლა შეუძლიათ, არამედ - მოგებაც. მხოლოდ ვარჯიშით და ადგილობრივ ჩემპიონატში გამოსვლით თავდაჯერებულობას და გამოცდილებას ვერ შეიძენენ. თუმცა, უცხოელთა დაინტერესებაც მნიშვნელოვანია. 

- იყო კონკრეტული ინტერესი? 

- დიახ, იყო. “ბრაგას” მწვრთნელმა გვითხრა - სამ ბავშვს ახლავე სიამოვნებით წავიყვანდიო. ნელ-ნელა ევროპელები იგებენ, რომ სადღაც საქართველოში ნიჭიერი ბავშვები იზრდებიან. ეს ჩვენი ფეხბურთის ცნობადობას წაადგება. ჩვენი მიზანია, “დინამოს” აკადემიის გაზრდილებმა ევროპის ძლიერ ლიგებსა და კლუბებში ითამაშონ.

ჩაკვეტაძის მაგალითი გვაჩვენებს, რომ ეს რეალურია. ახლაც აბსოლუტურად ყველა ჩამოსული გუნდი გველაპარაკა, რომ ჩვენი მოთამაშეებით დაინტერესდნენ. მაგრამ ჩვენი მიზანი არ არის, ეს ბავშვები 14-15 წლის ასაკში უცხოეთში გავუშვათ. უნდა გავზარდოთ, მთავარ “დინამოში” ვათამაშოთ და ევროპაში წასვლა მხოლოდ ამის შემდეგ უჯობთ - ეროვნულ ლიგაში თამაში დიდი გამოცდილებაა და მერე ევროპასა და ნაკრებებში უფრო თავდაჯერებულები ითამაშებენ. ახლა ჩვენთან ირაკლი აზაროვი გამოჩნდა და მჯერა, მისი სახით დიდი ტალანტი გაიზრდება, თუ შრომას გააგრძელებს.

საინტერესო ამბავს მის თაობაზეც შეიტყობთ. მაგრამ ყველაფერი ეტაპობრივად უნდა მოხდეს, ბავშვებმა საფეხურები უნდა გაიარონ - აკადემიიდან მთავარ გუნდში, ეროვნულ ლიგაში, ევროთასებზე და მერე - კი ბატონო, წავიდნენ. მაგრამ ეროვნულ ლიგაში თუ ვერ ითამაშეს, ევროპაში დამკვიდრება გაუჭირდებათ. 

- თუმცა, გულშემატკივარი უკმაყოფილოა, საუკეთესო მოთამაშეებს რომ ვერ ინარჩუნებთ...

- სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეში ამას “აიაქსიც” ვეღარ ახერხებს. საერთოდ, “დინამო” ყოველთვის ქართული ფეხბურთის ინტერესებიდან გამოდიოდა, ნაკრებებს ყველაზე მეტ თაობას უზრდიდა და ახლა ეს მოთხოვნა კიდევ უფრო გაზრდილია. ეს ყოველთვის რაღაცის ხარჯზე ხდება და საქართველოს ნაკრების მომავალ მოთამაშეებს გზა თუ გადავუღობეთ და ნიჭის შესაფერისი გასაქანი არ მიეცათ, ზრდას შეაჩერებენ. მაგრამ, ბევრად უფრო სარფიანი წინადადებების მიუხედავად, ფეხბურთელები არასაფეხბურთო ქვეყნებში ან რუსეთში არასოდეს გაგვიშვია.

 

26.04.19 გაზეთი ლელო
http://bit.ly/2PGkRbj

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019