02.06.2019
დინამოელთა ტრიუმფი ახალკაცის თასზე

28 მაისიდან პირველი ივნისის ჩათვლით დინამოს აკადემიაში ნოდარ ახალკაცის სახელობის თასის გათამაშება ჩატარდა. თბილისის ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო ტურნირი წელს მე- 12 გაიმართა. ადგილობრივი გუნდების გარდა ასევე უცხოური კლუბებიც ასპარეზობდნენ. გათამაშება სამ ასაკობრივ ჯგუფში - 9, 10 და 11 წლამდე ფეხბურთელთა შორის გაიმართა. დინამოელები სამივე ასაკობრივი ორ-ორი გუნდით იყვნენ წარმოდგენილი (აკადემია და სკოლა).

9 წლამდე თბილისელებმა მიხეილ ოქიტაშვილის ხელმძღვანელობით ჯგუფურ ეტაპზე 10:1 გორის დილას აჯობეს, 6:0 თბილისის ლომები დაამარცხეს და საბურთალო ბენდელას 8:0 მოუგეს. მეოთხედფინალში დინამოს სკოლასთან 4:0 იმარჯვეს, ხოლო ნახევარფინალში თბილისის ვიკინგები 8:0 დაამარცხეს. ფინალში დინამო საბურთალოს შეხვდა (აღსანიშნავია, რომ სამივე ფინალური მატჩი დინამოსა და საბურთალოს შორის გაიმართა) და ანდრია სიხარულიძის გოლით 1:0 იმარჯვა.

10 წლამდე დინამოელებმა ჯგუფური ეტაპი ნალჩიკის სპარტაკთან 7:2 გამარჯვებით გახსნეს. შემდეგ შალვა კვარაცხელიას გუნდმა საბურთალო ბენდელას 4:0 მოუგო, ლიახვს 7 უპასუხო გოლი გაუტანა, ხოლო თბილისის ჩემპიონს 2:1 აჯობა. მეოთხედფინალში ვიკინგებთან 8:0 იმარჯვეს დინამოელებმა, ტურნირის ნახევარფინალში საინტერესო მატჩი შედგა უზბეკურ ბუნიოდკორთან. მატჩის ძირითადი დრო 2:2 დასრულდა, პენალტების სერიაშ კი დინამომ იმარჯვა. ფინალი საბურთალოსთან ასევე მატჩისშემდგომ თერთმეტმეტრიანთა სერიაში გადავიდა და საბოლოოდ დინამო თბილისის გამარჯვებით დასრულდა.

11 წლამდე გათამაშებაში ფინალის საგზური დინამო თბილისის სკოლის გუნდმა მიიღო. ზურა ელიავას და დათო გელაშვილის გუნდმა ქუთაისის მართვეს ჯგუფში 1:0 მოუგო, 4:0 იმარჯვა დინამო თბილისმა მარტვილის დინამოსთან, ხოლო საბურთლო ბენდელასთან მატჩი 1:1 მორჩა. მეოთხედფინალში დინამოელებმა 5:0 თბილისის ვიკინგებს მოუგეს, ნახევარფინალში იმავე ანგარიშით ხაშურის ივერია დაამარცხეს, გადამწყვეტ შეხვედრაში კი 10 წლამდელების დარად საბურთალოს პენალტების სერიაში აჯობეს.

ამრიგად დინამოელებმა ტურნირზე სამივე ასაკობრივ ჯგუფში ოქროს მედლები მოიპოვეს და ახალკაცის თასის გათამაშება ტრიუმფით დაასრულეს. დინამოელებმა ტურნირზე ასევე ინდივიდუალური ჯილდოებიც მიიღეს: U9 საუკეთესო მეკარე ნიკა თარაშვილი დასახელდა, იმავე ასაკში საუკეთესო ფეხბურთელი ირაკლი ხვიჩია გახდა. U10 საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი გერგედავა დაასახელეს. U11 საუკეთესო მეკარე კი ბუკა კვარაცხელია გახდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019