31.05.2019
დილა - დინამო | ურთიერთშეხვედრები

1 ივნისს გორში ეროვნული პირველობის მე- 17 ტურის შეხვედრა გაიმართება, რომელშიც დილა დინამო თბილისს უმასპინძლებს. მატჩი 18 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

ეროვნულ ასპარეზზე ეს გუნდები ერთმანეთს 64- ჯერ შეხვედრიან. ურთიერთშეხვედრებში დინამოს დიდი უპირატესობა აქვს. 45 შემთხვევაში გამარჯვება თბილისელებს დარჩათ, 13 შეხვედრა ფრედ დასრულდა და 6 თამაში გორელებმა მოიგეს. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 160/37 არის.

ყველაზე დიდი ანგარიშით დინამომ 2005 წლის 2 აპრილს იმარჯვა. XVI ჩემპიონატის ოცდამეექვსე ტურში გამართული შეხვედრა 9:0 დასრულდა. ასევე ცხრა ბურთი გავიდა 1993 წლის 16 ნოემბერს ჩატარებულ მატჩში. მეხუთე ჩემპიონატის მეთხუთმეტე სათამაშო დღეს თბილისელებმა 7 ბურთი გაიტანეს, გორელთა 2 გოლის საპასუხოდ. აღსანიშნავია, რომ სამჯერ დაფიქსირდა ხუთბურთიანი სხვაობა - 6:1 და ხუთჯერ 5:0, ხოლო ოთხ-ოთხჯერ შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 4:1, 4:0 და 1:1. ფრედ ჩატარებული შეხვედრებიდან ექვსი მატჩი უგოლოდ, სამი შეხვედრა კი 2:2 დასრულდა. გორის დილამ პირველად ჩვენს გუნდს 2012 წლის 15 სექტემბერს მოუგო (2:0). 2018 წლის 5 ივლისს დინამო არენაზე ჩატარებული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, გამანადგურებელი ანგარიშით 5:0 დასრულდა. შეხვედრაში დუბლი ოთარ კიტეიშვილმა და ბუდუ ზივზივაძემ შეასრულეს, ერთი გოლიც ლაშა თოთაძემ გაიტანა. ბოლოს ეს გუნდები თბილისში 2019 წლის 12 აპრილს შეხვდნენ ერთმანეთს. მატჩი თბილისელთა გამარჯვებით 1:0 მორჩა. გორელთა კარში გოლი ესპანელმა ფრან კარბიამ გაიტანა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019