21.06.2019
დინამო - ჩიხურა | ურთიერთშეხვედრები

23 ივნისს ეროვნული პირველობის მე- 19 ტურში დინამო თბილისი საჩხერის ჩიხურას უმასპინძლებს. მატჩი 19.30 დაიწყება.

დინამო და ჩიხურა ეროვნულ ასპარეზზე დღემდე ერთმანეთს 26 შეხვედრაში დაუპირისპირდნენ. დინამოს ანგარიშზე უპირატესობაა - 16 მოგება, 5 ფრე და 5 მარცხი. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 59/24 თბილისელთა სასარგებლოდ.

სადებიუტო შეხვედრაში 2006 წლის 18 ნოემბერს, დინამომ ანგარიშით 3:1 აჯობა მეტოქეს. გოლები მიხეილ ხუციშვილმა, სანდრო იაშვილმა და გიორგი თავბერიძემ (საკუთარ კარში) გაიტანეს. მეორე მატჩი 2007 წლის 16 მაისს გაიმართა და ჩვენმა გუნდმა მშრალი ანგარიშით- 5:0 იმარჯვა. გატანილი გოლებით გიორგი ფეიქრიშვილი, სანდრო იაშვილი, გიორგი მერებაშვილი, მიხეილ ხუციშვილი და გურამ კაშია გამოირჩნენ. მესამე შეხვედრა ამ გუნდებს შორის 2012 წლის 26 სექტემბერს საჩხერეში შედგა და უგოლოდ დასრულდა. მეოთხედ დინამო თბილისი საჩხერლებს 2 დეკემბერს დინამო არენაზე დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 5:2 იმარჯვა. ჩისკომ აღნიშნულ შეხვედრაში ჰეთ თრიქი შეასრულა. თითო გოლი კი მიკელ ალვაროს და ჯაბა დვალის ანგარიშზეა. 2013 წლის 6 აპრილს ჩატარებულ მატჩში დინამომ სამი უპასუხო ბურთით იმარჯვა. ჩისკოს დუბლს ერთი გოლი ლევან ხმალაძემ მიამატა. მეექვსე დაპირისპირება საჩხერეში 12 მაისს გაიმართა და ჩვენი გუნდის გამარჯვებით 4:2 დასრულდა. გოლები პეტერ გრაიციარის, ჩისკოს, გიორგი მერებაშვილის და კარლეს კოტოს ანგარიშზეა. 2013 წლის 20 ოქტომბერს დინამომ ანგარიშით 6:1 დაამარცხა მეტოქე. ჩისკომ მორიგი ჰეთ თრიქი შეასრულა, ჯაბა დვალმა კი დუბლი. ერთი გოლიც ირაკლი ძარიას ანგარიშზეა. 2014 წლის 2 მარტს ზესტაფონში გაიმართა ამ გუნდების დაპირისპირება. თბილისელებმა 5:1 აჯობეს ჩიხურას. ჩისკომ კიდევ ერთი ჰეთ თრიქი გაიფორმა. თითო გოლი გიორგი მერებაშვილმა და გიორგი პაპუნაშვილმა გაიტანეს. 4 აპრილს ივანწმინდაში თამაში ფრედ 1:1 დასრულდა. გოლი ოთარ მარცვალაძის ანგარიშზეა. შემდეგი დაპირისპირება დინამოზე 7 მაისს გაიმართა და უგოლოდ მორჩა. 2014 წლის 7 დეკემბერს ივანწმინდაში, ჩიხურამ თავის ისტორიაში პირველად დაამარცხა დინამო- 1:0. 2015 წლის 22 მაისს ჩატარებული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 3:0 მორჩა. გოლები საჩხერელთა კარში- გიორგი პაპუნაშვილმა, ლაშა თოთაძემ და ვახო ჭანტურიშვილმა გაიტანეს. შემდეგ დინამომ ჩიხურას 1 ნოემბერს უმასპინძლა და ოთარ კიტეიშვილის დუბლით 2:0 დაამარცხა მეტოქე. მომდევნო შეხვედრაში ეს გუნდები 2016 წლის 16 აპრილს ივანწმინდაში წარსდგნენ ერთმანეთის პირისპირ. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, მინიმალური სხვაობით 1:0 მორჩა. 7 აგვისტოს ივანწმინდაში ჩატარებული მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. გარდამავალ ჩემპიონატში ეს გუნდები 1 ოქტომბერს შეხვდნენ ერთმანეთს და დინამო არენაზე ჩიხურამ 2:1 იმარჯვა. გოლი ზემოიმერელთა კარში ვლადიმერ დვალიშვილმა გაიტანა. 2017 წლის 5 აპრილს დინამო არენაზე თბილისელებმა გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ზარიას გოლებით 2:1 მოიგეს. ივანწმინდაში ამ გუნდების მეორე წრის მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. გოლი საჩხერელთა კარში ბაჩანა არაბულმა გაიტანა. მესამე წრეში კი დინამომ 5:0 დაჯაბნა მეტოქე. ორი გოლი ჩიხურას კარში გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა. თითოჯერ კი თავი ბექა მიქელთაძემ, ბაქარ ქარდავამ და ლაშა ქოჩლაძემ გამოიჩინეს. 28 ოქტომბერს ჩატარებული შეხვედრა დინამოს გამარჯვებით 3:1 დასრულდა. გოლები ბაქარ ქარდავამ, ლაშა თოთაძემ და აკაკი შულაიამ გაიტანეს. საიუბილეო 30- ე ჩემპიონატში ამ გუნდების პირველი პაექრობა 5 აპრილს დედაქალაქელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. გოლები ნიკა ძალამიძემ და ოთარ კიტეიშვილმა გაიტანეს. 2018 წლის 10 ივნისს დედაქალაქელებმა დმიტრო ივანისენიას გოლით 1:0 იმარჯვეს. 31 აგვისტოს კი დაძაბულ მატჩში დინამომ გასვლაზე 2:1 იმარჯვა. გოლები ბუდუ ზივზივაძის და გიორგი კუციას ანგარიშზეა. 30- ე პირველობის ბოლო მატჩი ჩიხურასთან 11 ნოემბერს შედგა და ზემოიმერელთა გამარჯვებით 4:1 დასრულდა. ერთადერთი გოლი ლევან შენგელიას ანგარიშზეა. ახალი სეზონის პირველ შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა ლევან შენგელიას დუბლით 2:0 აჯობა საჩხერლებს. მეორე მატჩი კი 2:2 მორჩა. გოლები ლევან კუტალიას და გუჯა რუხაიას ანგარიშზეა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019