27.06.2019
დინამოს მიჯრით მეექვსე გამარჯვება

ბოლნისში ეროვნული პირველობის მე- 20 ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც სიონმა დინამოს უმასპინძლა. მატჩი პირველივე წუთებიდან სტუმართა უპირატესობით დაიწყო და ბოლომდე ეგრეც გაგრძელდა. მე- 11 წუთზე დინამოელთა შეტევას აკაკი შულაია ასრულებდა, მან ხელსაყრელი სიტუაციიდან ვერ გამოიყენა საგოლე შანსი. რამდენიმე წუთში ლევან შენგელიამ გაისროლა და ძელს გაარტყა ბურთი. ტაიმის დაწყებიდან ნახევარი საათის თავზე ლევან კუტალიამ ახლო მანძილიდან მეკარეს გაარტყა, ცოტახანში კი მისი მოჭრილი დარტყმა უკუაგდო ოთო გოშაძემ. ტაიმის ბოლოს დინამოს მასირებულმა შეტევებმა გამოიღო შედეგი, აკაკი შულაიას ჩაწოდებული ლევან შენგელიამ გარდასახა გოლად. მეორე ტაიმის დებიუტში შენგელიამ და კუტალიამ მიყოლებით ვერ გამოიყენეს საგოლე შანსები. 71- ე წუთზე თბილისელთა შეტევა მარცხენა ფრთიდან, დავით კობოურის ჩაწოდება და ლევან შენგელიას დუბლი. რამდენიმე წუთში ლევან კუტალიამ ეფექტური გოლი გაიტანა, მან შულაიას გადაცემა ქუსლით გადაგზავნა მასპინძელთა კარში. 81- ე წუთზე არფან დაფეს დებიუტიც ვიხილეთ დინამოს შემადგენლობაში. სენეგალელმა ფეხბურთელმა დარჩენილი დრო საკმაოდ აქტიურად ჩაატარა. ლევან კუტალიამ კი მატჩის ბოლოს ხარიხას გაარტყა ბურთი. ამრიგად დედაქალაქელებმა მიჯრით მეექვსე შეხვედრა მოიგეს და უახლოეს ოპონენტებთან 1 ქულამდე დაიყვანეს სხვაობა. მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 3 ივლისს ბათუმის დინამოსთან გამართავს.

 

სიონი 0:3 დინამო

გოლი: 0:1 შენგელია 43’  0:2 შენგელია 70’  0:3 კუტალია 79’

გაფრთხილება: მეჯუბი 42’  აფაქიძე 63’  ივანისენია 63’

 

სიონი: გოშაძე, ჩაჩუა, ტვილდიანი (საგანელიძე 60), ქიქავა, კირკიტაძე, სიხარულია (ხვადაგიანი 88), თარგამაძე, ისიანი, აფაქიძე, სუხიაშვილი, გვარაძე

დინამო: პერალესი, იაშვილი, მეჯუბი, მონხილი, კობოური, პაპავა (ქარდავა 67), ივანისენია, კუხიანიძე (ზარია 79), შულაია (დაფე 81), შენგელია, კუტალია

 

მსაჯი: პ. მაჭარაძე

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019