30.08.2011
ირაკლი ლექვთაძე - სამგურალიდან დინამოში

ირაკლი ლექვთაძე იუბილარია. მას დღეს 20 წელი შეუსრულდა. ირაკლი მე-6 წელია დინამოშია. 15 წლის ასაკში აკადემიიდან დაიწყო, შემდეგ დუბლებში გამოდიოდა. ბოლო 2 წელია პირველი გუნდის სრულუფლებიანი წევრია. დებიუტი პირველ გუნდში 2009 წლის 4 ოქტომბერს ჰქონდა ს.კ. გაგრასთან შეხვედრაში.
ირაკლი ლექვთაძე – დაუვიწყარი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. წინა საღამოს კახა კაჭარავამ მითხრა, რომ ძირითადში თამაში მომიწევდა და მთხოვდა არ მენერვიულა, ყველაფერი კარგად იქნებაო. ბედნიერი კაცი ვიყავი, ოცნება ამიხდა. ძალიან ვნერვიულობდი, ფეხები მიკანკალებდა.
ფეხბურთზე გვიან, 12 წლის ასაკში ბიძაჩემის ინიციატივით შევედი, მანმადე ცეკვაზე დავდიოდი. მამაჩემი დიდად არ მოუხიბლავს ჩემს არჩევანს. ახლა კი ყოველთვის გვერდში მიდგას და ყველაფერში მაქსიმალურად მეხმარება.
15 წლის ვიყავი სამგურალი-დინამოს ჭაბუკთა გუნდების შეხვედრაში დინამოს სელექციონერმა თემურ უგრეხელიძემ შემამჩნია და დინამოს აკადემიაში მიმიწვია. იმ სიხარულს სიტყვებით ვერ გადმოვცემ. გულის სიღრმეში ყოველთვის მქონდა იმედი, რომ დინამოში მოხვედრის ოცნებას ავიხდენდი. წყალტუბოში ცენტრფორვარდად ვთამაშობდი. დინამოში მარჯვენა ფლანგზე დამაყენეს, მარცხნიდანაც შემიძლია თამაში. ძალიან ბევრი მუშაობა დამჭირდება, რომ სტაბილურად ვითამაშო ძირითადში, სადაც ძალიან დიდი კონკურენციაა.
კლუბში ახალი მფლობელის მოსვლის შემდეგ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა. გაგვიუმჯობესდა საკონტრაქტო პირობები, გუნდმა ბინა გვიქირავა, სადაც ნიკა კვეკევესკირთან ერთად ვცხოვრობ. მალე ბაზა გაიხსნება, სადაც ყველაფერი უმაღლეს დონეზე იქნება. მონდომებას არ დავაკლებ, რომ დინამოს სარგებლობა მოვუტანო.
ყველას მადლობა მინდა უთხრა მოლოცვისთვის, გულშემატკივრებს, თანაგუნდელებს. ხვალ ორი ვარჯიში გვაქვს და დაბადების დღეს ბიჭებთან ერთად ძალიან ვიწრო წრეში და ასე ვთქვათ მსუბუქად ავღნიშნავთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019