15.03.2012
გახსენება - ვლადიმერ ელოშვილი (RU)

ქართული ფეხბურთის წარსულისა და ისტორიის მოყვარულებს კიდევ ერთი საინტერესო წიგნთან გაცნობის შესაძლებლობა მიეცემათ. ახალი წიგნი ვლადიმერ ელოშვილის გახსენებაა. ცნობილი ქართველი ფეხბურთელის და მწვრთნელის. თბილისის დინამოს ერთ-ერთი გამორჩეული ვეტერანი ფეხბურთელის, რომელიც 1949-59 წლებში, 10 სეზონის მანძილზე იცავდა დინამოს ღირსებას. წიგნის ავტორი დემიკო ლოლაძეა. საქართველოს მწერალთა კავშირისა და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წევრი. იგი ოთხ ათეულ წიგნზე მეტის ავტორი გახლავთ. მათ შორის დინამოს ლეგენდებზე: შოთა იამანიძე, სლავა მეტრეველზე, მიხეილ მესხზე, ვლადიმერ ბარქაიაზე, მურთაზ ხურცილავაზე, დავით ყიფიანზე, ვიტალი დარასელიაზე, ნოდარ ახალკაცზე...                                                                                                                                              დემიკო ლოლაძე - პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა დინამო თბილისის პრეზიდენტს, ბატონ რომან ფიფიას, წიგნის გამოცემაში გაწეული დახმარებისათვის. ვინც ოფლს ღვრიდა ქართული ფეხბურთის სადიდებლად დავიწყებას არ უნდა მიეცნენ. ვლადიმერ ელოშვილი გამორჩეული ფეხბურთელი იყო დინამო თბილისის ისტორიაში. მცირე პერიოდში გუნდის კაპიტანიც გახლდათ. იყო შემტევი ყაიდის მცველი და არაერთი გოლის გამტანი. დიდ ფეხბურთთან გამოთხოვების შემდეგ ჭაბუკების აღზრდას მოჰკიდა ხელი და ამ კუთხითაც გაითქვა სახელი. უამრავი ფეხბურთელი აღზარდა: ჩივაძე, გუცაევი, კანთელაძე, გოგია, კოპალეიშვილი და მრავალი სხვა. 1967 წელს სსრკ–ს ჭაბუკთა ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა. იმ  ნაკრებში ვლადიმერ ელოშვილი, მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო. მიიღო იმ პერიოდისთვის ყველაზე მაღალი წოდება– გახდა საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი. პიროვნულად  ღირსეული, ყველას მიმართ კეთილგანწყობილი და უაღრესად თავმდაბალი ადამიანი გახლდათ. ვფიქრობ, მკითხველი ბევრ საინტერესოს გაიგებს, გაიხსენებს, ახალ წიგნთან გაცნობისას. მინდა მადლობა ვუთხრა დინამოს, რომ იგი არ ივიწყებს, თავის გამორჩეულ ვეტერანებს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019