19.08.2014
ლევან გვანცელაძე - ბურთის ფლობის ხარჯზე მივიღეთ შედეგი

მინსკში დასრულდა იური კურნენინის სახელობის, ტრადიციული საერთაშორისო მემორიალური ტურნირი. გათამაშების გამარჯვებული დინამო თბილისის 15 წლამდელთა გუნდი გახდა. დინამომ გაიტანა ყველაზე მეტი და გაუშვა ყველაზე ნაკლები ბურთი- 11/2. ლევან გვანცელაძის გუნდმა 4:2 დაამარცხა პმც პოსტავი, 3:0 აჯობა მინსკის დინამოს, ფრედ 0:0 ითამაშა კიევის დინამოსთან და ჯგუფში დაიკავა პირველი ადგილი. ფინალურ შეხვედრაში ახალგაზრდა დინამოელებმა უშანსოდ- 4:0 დაამარცხეს კონოპლიოვის აკადემიის გუნდი და მოიპოვეს ჩემპიონის ტიტული. ტურნირის საუკეთესო მცველი გახდა- ნიკოლოზ ნინუა, ხოლო საუკეთესო თავდამსხმელი- გიორგი ჩაკვეტაძე.

ლევან გვანცელაძე (დინამო U-15 მთ. მწვრთნელი): ტურნირი კარგად ორგანიზებული გამოდგა. შეხვედრები სკ მინსკის და ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის მოედნებზე მიმდინარეობდა. პირველ შეხვედრაში პოსტავის გუნდთან გუნდს სასტარტო მღელვარება ეტყობოდა. მეორე ტაიმში ბიჭებმა გადალახეს ეს ბარიერი და საბოლოოდ თავისი სათამაშო უპირატესობა ანგარიშშიც ასახეს. საერთოდ ყველა გუნდთან შევძელით, რომ ბურთის ფლობის ხარჯზე მიგვეღო შედეგი. იგივე განმეორდა მინსკის დინამოსთანაც, რომელიც ტურნირზე ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო. კიევის დინამოსთან უკვე გარანტირებული გვქონდა ჯგუფური პირველი ადგილი, ამის გამო როტაციას მივმართეთ და თამაშის საშუალება თითქმის ყველა ფეხბურთელს მივეცით. ფინალში რათქმაუნდა თავიდან იგრძნობოდა მღელვარებაც, ნერვიულობაც, თუმცა სწრაფმა გოლმა ყველაფერი ჩვენდა სასიკეთოდ გადაწყვიტა.

 

p.s. ფინალური მატჩის ორივე ტაიმის სანახავად მიჰყევით შემდეგ ბმულებს:

https://www.youtube.com/watch?v=VArm65hU3Mc

https://www.youtube.com/watch?v=hfT5kdrfH-M

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019