2000-იანი წლები.
წლების დასაწყისში დინამო ცნობილმა ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა შეიძინა. კლუბმა 2003 წელს დუბლი შეასრულა– ჩემპიონის ტიტული და საქართველოს თასი მოიგო. 2004 წელს დინამოელებმა კვლავ იმარჯვეს თასის გათამაშებაში, მომდევნო წელს კი ჩემპიონატში.

წლების დასაწყისში დინამო ცნობილმა ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა შეიძინა. კლუბმა 2003 წელს დუბლი შეასრულა– ჩემპიონის ტიტული და საქართველოს თასი მოიგო. 2004 წელს დინამოელებმა კვლავ იმარჯვეს თასის გათამაშებაში, მომდევნო წელს კი ჩემპიონატში. დიდი ხნის შესვენების შემდეგ, გუნდმა წარმატებას საერთაშორისო არენაზეც მიაღწია. 2004 წელს დინამომ, ხორვატი მწვრთნელის ივო შუშაკის ხელმძღვანელობით, მოსკოვში გამართული თანამეგობრობის თასი მოიგო. ჩვენმა გუნდმა ფინალში ლატვიის სკონტო დაამარცხა 3:1. იმავე წელს დინამოელებმა წარმატებით დასძლიეს უეფას თასის საკვლიფიკაციო ეტაპი. დინამოელებმა თანამიმდევრობით სძლიეს ბორისოვოს ბატეს (1:0, 3:2), პრაღის სლავიასა (2:0, 1:3) და კრაკოვის ვისლას (2:1, 3:4) და უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები ინგლისის ნიუკასლი, ლისაბონის სპორტინგი, ფრანგული სოშო და ბერძნული პანიონიოსი იყვენენ. სამწუხაროდ დინამომ ოთხივე შეხვედრაში მარცხი განიცადა. გუნდს გია გეგუჩაძე წვრთნიდა. საქართველოს ჩემპიონის ტიტული დინამომ ბოლოს 2008 წელსაც მოიპოვა, როდესაც გუნდს ცნობილი ჩეხი სპეციალისტი დუშან უჰრინი ავარჯიშებდა. 2009 წელს კლუბმა მეტად დრამატულ ბრძოლაში პენალტების სერიაში დაამარცხა რუსთავის ოლიმპი და საქართველოს თასს დაეუფლა. 2011 წლის იანვარში დინამო ბიზნესმენმა რომან ფიფიამ შეიძინა. გუნდმა წარმატებით დასძლია უეფას ევროპის ლიგის სამი საკვალიფიკაციო ეტაპი, მაგრამ ფლეი–ოფში, ორი მატჩის ჯამში, დამატებით დროში დაუთმო ჯგუფური ეტაპის საგზური ათენის აეკ–ს. სამწუხაროდ 2011–2012 წლების სეზონი წარუმატებელი გამოდგა. დინამოელები საპრიზო ადგილების მიღმა დარჩნენ. დინამოში ბატონ რომან ფიფიას მისვლის შემდეგ, მოხდა კლუბის სრული მოდერნიზაცია. განხორციელდა დიღმის საწვრთნელი ბაზის რეკონსტრუქცია. დინამოს საწვრთნელი ბაზა დღეს ერთ-ერთი საუკეთესოა რეგიონში. დინამო არენაზე დაიგო უმაღლესი ხარისხის მოედნის საფარი. დაიწყო ფუნქციონირება ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს განახლებულმა საბავშვო აკადემიამ. დინამოში მყარი ფუნდამენტი ეყრება კლუბის მომავალ წარმატებებს.

დინამომ 2012/13 წლების სეზონი ტრიუმფალურად დაასრულა. ათწლიანი პაუზის შემდეგ ჩვენმა გუნდმა დუბლი შეასრულა. მომდევნო სეზონი ასევე წარმატებული გამოდგა დედაქალაქური გუნდისთვის. დინამომ 2013/14 წლების სეზონში ისევ დუბლი შეასრულა და ორივე ტიტული დაიცვა.

90-იანი წლები.
1990 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საბჭოთა კავშირის ფეხბურთის მმართველი ორგანოს შემადგენლობიდან გამოდის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქართული კლუბები საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ასპარეზობაზე უარს ამბობენ

1990 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საბჭოთა კავშირის ფეხბურთის მმართველი ორგანოს შემადგენლობიდან გამოდის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქართული კლუბები საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ასპარეზობაზე უარს ამბობენ. აქედან იწყება თბილისის ”დინამოს” უახლესი ისტორია, რომელიც მიუხედავად მოკლე პერიოდისა, საოცრად ბევრ, ხშირ შემთხვევაში კი არცთუ სასიამოვნო მოვლენას იტევს.

საქართველოს ყველაზე ტიტულიანმა კლუბმა პირველი შეხვედრა ჩემპიონატში 1990 წლის 30 მარტსფოთის ”კოლხეთი 1913”-თან ჩაატარა. ყველასათვის მოულოდნელად, თბილისელები 0:1 დამარცხდნენ - ერთადერთი გოლი ”დინამოს” კაპიტანმა გელა კეტაშვილმა გაიტანა... საკუთარ კარში. მიუხედავად მარცხიანი სტარტისა, ”დინამომ” დაამტკიცა, რომ მეტოქეებზე ძლიერი იყო და საბოლოოდ მოიგო კიდეც ჩემპიონატი. გუნდმა ტიტული მომდევნო ცხრა პირველობაშიც შეინარჩუნა, მერე კი პოზიციების დათმობა მოუწია.

1992 წელს თბილისის ”დინამო” პირველად ეუფლება საქართველოს თასს - ფინალში თბილისელები სოხუმის ”ცხუმს” ამარცხებენ.

1993 წელს თბილისის ”დინამომ" პირველად შეასრულა ”დუბლი” - ჩემპიონატიც მოიგო და თასიც. მიუხედავად ასეთი წარმატებისა, დინამოელთათვის ის წელი სხვა მოვლენის გამო იყო აღსანიშნავი - გუნდი დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ევროტურნირებზე პირველად გავიდა!

1993 წლის 18 აგვისტოს, საღამოს 20 საათზე დაიწყო მატჩი, რომლითაც ქართული საკლუბო ფეხბურთი დიდი ევროპული ოჯახის წევრი გახდა.

ბელფასტის ”ლინფილდი” ”დინამომ” 2:1 დაამარცხა - შოთა არველაძის ლამაზმა გოლმა და გელა ინალიშვილის ჰაერივით საჭირო საგოლე დარტყმამ მთელი საქართველო გაახარა. საპასუხო შეხვედრა ბელფასტში 1:1 დასრულდა, ”დინამოც” დანიურ ”კოპენჰაგენთან” მატჩისთვის ემზადებოდა...

უეფამ საქართველოს ჩემპიონი მსაჯთა მოსყიდვის მცდელობისათვის გათამაშებიდან მოხსნა, ცოტა ხნის შემდეგ კი ორწლიანი დისკვალიფიკაციაც მიუსაჯა. მოგვიანებით ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ სასჯელი შეამცირა, თუმცა ამით გულშემატკივართა გატეხილი გული ნამდვილად არ გამთელებულა.

გუნდი ჩემპიონის ტიტულს ერთიმეორის მიყოლებით იგებდა, თასსაც კარგა ხანი არავის უთმობდა, აი, ევროტურნირებზე კი წარმატებით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდა.

1996 წელს თბილისის ”დინამომ”, რომელსაც დავით ყიფიანი თავკაცობდა, ევროტურნირებზე ერთბაშად სამი ეტაპი დაძლია - ლუქსემბურგის ”გრევენმახერის” (4:0, 2:2), ნორვეგიული ”მიოლდეს” (2:1, 0:0) და მოსკოვის ”ტორპედოს” (1:0, 1:1) დამარცხების შემდეგ, დინამოელები პორტუგალიურ ”ბოავიშტასთან” მარცხდებიან (1:0, 0:5).

იმავე 1996 წელს თბილისელებმა სუპერთასის პირველი გათამაშებაც მოიგეს. მოვგიანებით, ძლიერ ფეხბურთელთა უცხოეთში უწყვეტმა გადინებამ თავისი უარყოფითი შედეგი მოიტანა – ”დინამოს” სულ უფრო უჭირდა ლიდერის პოზიციის შენარჩუნება, საბოლოოდ კი, 2000 წელს ჩემპიონის ტიტულიც დათმო.

80-იანი წლები.
1981 წლის 13 მაისს ”დინამო” თასების მფლობელთა თასს დაეუფლა - მაშინდელი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ დიუსელდორფში ქართველი ფეხბურთელები გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბ იენის ”კარლ ცაისს” ამარცხებენ - 2:1.

1981 წლის 13 მაისს ”დინამო” თასების მფლობელთა თასს დაეუფლა - მაშინდელი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ დიუსელდორფში ქართველი ფეხბურთელები გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბ იენის ”კარლ ცაისს” ამარცხებენ - 2:1.

ვლადიმერ გუცაევის და ვიტალი დარასელიას გოლები ოქროს ასოებით ჩაიწერა ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ”დინამო” კი გახდა ყველაზე აღმოსავლეთ ევროპული კლუბი ევროტურნირების ისტორიაში, რომელიც ევროთასს დაეუფლა.

1982 წელს გუნდი კვლავაც ახლოს იყო თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალთან, მაგრამ ”დინამო” ნახევარფინალში გამოეთიშა ბრძოლას. იმავე წლის 13 დეკემბერს ტრაგიკულად დაიღუპა ”საუკუნის გოლის” ავტორი ვიტალი დარასელია.

1983 წლიდან კი ”დინამოს” ისტორიაში მეორე კრიზისული პერიოდი იწყება - ჩემპიონატში გუნდი მისთვის უჩვეულო ადგილებზე გადის, თასის გათამაშებას იშვიათი გამონაკლისის გარდა პირველ-მეორე ეტაპზე ეთიშება, ევროტურნირებზე თამაშს კი მხოლოდ ერთხელ ახერხებს...

1989 წლის 27 ოქტომბერს თბილისის ”დინამო” საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში ნათამაშევი 1424 მატჩიდან უკანასკნელს, 1424-ე შეხვედრას ატარებს. ალბათ სიმბოლურია, რომ თბილისელები საბჭოთა კავშირის პირველობას იმ გუნდთან თამაშით დაემშვიდობნენ, რომელთან პაექრობითაც დაიწყეს კიდეც დიდი და საინტერესო გზა - კიევის ”დინამოსთან” უკრაინის დედაქალაქში ჩატარებული შეხვედრა, ისევე როგორც 1936 წლის 7 სექტემბერს, ფრედ 2:2 დასრულდა. დინამოელთაგან გოლები კახი გოგიჩაიშვილმა (პენალტით) და თემურ ქეცბაიამ გაიტანეს.

70-იანი წლები.
სწორედ 70-იანი წლების დასაწყისში მოვიდა ”დინამოში” ნიჭიერ ფეხბურთელთა ის თაობა, რომლებმაც კლუბი უდიდეს გამარჯვებამდე მიიყვანა - დავით ყიფიანი, ვლადიმერ გუცაევი, შოთა ხინჩაგაშვილი, მანუჩარ მაჩაიძე...

სწორედ 70-იანი წლების დასაწყისში მოვიდა ”დინამოში” ნიჭიერ ფეხბურთელთა ის თაობა, რომლებმაც კლუბი უდიდეს გამარჯვებამდე მიიყვანა - დავით ყიფიანი, ვლადიმერ გუცაევი, შოთა ხინჩაგაშვილი, მანუჩარ მაჩაიძე...

1972 წლის 13 სექტემბერს დინამოელები ევროტურნირში ერთვებიან. სადებიუტო სეზონში ”დინამომ” უეფას თასზე იასპარეზა - პირველი შეხვედრა ჰოლანდიის ქალაქ ენსხედეს კლუბ ”ტვენტესთან” ქართველმა ფეხბურთელებმა 3:2 მოიგეს.

ორი ბურთი გივი ნოდიამ გაიტანა, ერთიც ტრაგიკულად დაღუპულმა ლეგენდარულმა გამთამაშებელმა დავით ყიფიანმა.

გუნდის შემადგენლობა ასეთი გახლდათ: დავით გოგია, რევაზ ძოძუაშვილი, ვახტანგ ჭელიძე, მურთაზ ხურცილავა, შოთა ხინჩაგაშვილი, გურამ პეტრიაშვილი, მანუჩარ მაჩაიძე, კახი ასათიანი, ვლადიმერ გუცაევი (ლევან ნოდია), გივი ნოდია, დავით ყიფიანი.

1973 წელს თბილისის ”დინამო” პირველ დიდ საერთაშორისო ტურნირს იგებს - ესპანეთის ქალაქ უელვაში თბილისელები ჯერ მადრიდის ”ატლეტიკოს” ამარცხებენ, მერე კი თვით ლისაბონის ”ბენფიკას” და მთავარ პრიზს - კოლუმბის კარაველას ეუფლებიან!

1976 წელს გუნდის მთავარ მწვრთნელად ნოდარ ახალკაცი ინიშნება, კაცი, რომლის სახელთანაცაა დაკავშირებული ”დინამოს” ყველაზე წარმატებული პერიოდი.

ახალკაცის გამოჩენის პირველსავე წელს ”დინამო” ორჯერ ხდება ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1976 წელს ჩემპიონატი ორჯერ ჩატარდა) და რაც მთავარია, ისტორიაში პირველად სსრკ-ს თასს იგებს!

1976 წლის 3 სექტემბერს ფინალი მოსკოვში შედგა. თბილისელებმა 3:0 სძლიეს წინა გათამაშების გამარჯვებულ ერევნის ”არარატს” - დავით ყიფიანის, ფირუზ კანთელაძის (პენალტი) და რევაზ ჩელებაძის გოლებმა ”დინამოს” პირველად არგუნა ბროლის თასი!

1977 წელს თბილისის ”დინამო” ჩემპიონატში ერთი საფეხურით მაღლა იწევს - გუნდი ვიცე-ჩემპიონია.

1978 წელს კი ”დინამო” მეორედ ხდება საბჭოთა კავშირის ჩემპიონი - ნოდარ ახალკაცის გაწვრთნილმა გუნდმა ტიტული პირველობის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდა! იმ დროს ”დინამოში” ბრწყინვალე ფეხბურთელები თამაშობდნენ - დავით ყიფიანი, ძმები მაჩაიძეები, ალექსანდრე ჩივაძე, შოთა ხინჩაგაშვილი, თამაზ კოსტავა, დავით გოგია, ვახტანგ ქორიძე, რამაზ შენგელია, ფირუზ კანთელაძე, ვიტალი დარასელია, ვლადიმერ გუცაევი, თენგიზ სულაქველიძე, რევაზ ჩელებაძე, ოთარ გაბელია, ნოდარ ხიზანიშვილი...

1979 წელს ჩვენი გუნდი მეორედ ხდება ბროლის თასის მფლობელი. ფინალში თბილისელების მეტოქე მოსკოველი თანაკლუბელები იყვნენ. 11 აგვისტოს მოსკოვში გამათული შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ დასრულდა. პენალტების სერიაში კი მტკვრისპირელებმა მეტოქეს 5:4 აჯობეს. ჩივაძემ, დარასელიამ, შენგელიამ, მაჩაიძემ და სულაქველიძემ ზუსტად შეასრულეს 11 მეტრიანი დარტყმები, გაბელიამ კი სამჯერ მოახერხა მოსკოველთა დარტყმულის მოგერიება.

60-იანი წლები.

1964 წელს ”დინამო” საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ხდება - გავრილ კაჩალინის გაწვრთნილმა ”დინამომ” ჩემპიონატში მოსკოვის ”ტორპედოსთან” ერთად თანაბარი ქულები დააგროვა, რამაც გუნდს უფლება მისცა დამატებით შეხვედრაში ჩემპიონი ტიტულის მოსაპოვებლად ებრძოლა.

1964 წელს ”დინამო” საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ხდება - გავრილ კაჩალინის გაწვრთნილმა ”დინამომ” ჩემპიონატში მოსკოვის ”ტორპედოსთან” ერთად თანაბარი ქულები დააგროვა, რამაც გუნდს უფლება მისცა დამატებით შეხვედრაში ჩემპიონი ტიტულის მოსაპოვებლად ებრძოლა.

საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციის გადაწვეტილებით, 1964 წლის 18 ნოემბერს ტაშკენტში გადამწვეტი შეხვედრა დაინიშნა. ”ოქროს მატჩში” კიდევ ერთხელ გამოჩნდა ქართველ ფეხბურთელთა მაღალი ოსტატობა – ”დინამომ” ”ტორპედო” 4:1 დაამარცხა, არადა თავიდან აგებდა კიდეც. ქართველთაგან გოლები ილია დათუნაშვილმა (ორი), მიხეილ მესხმა და სლავა მეტრეველმა გაიტანეს. ”დინამომ” საბჭოთა ფეხბურთის ოლიმპი პირველად დაიპყრო!

”ოქროს მატჩში” “დინამოს” ღირსებას ეს ”ოქროს ფეხბურთელები” იცავდნენ: სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ვახტანგ რეხვიაშვილი, ჯემალ ზეინკლიშვილი, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე, სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია, ილია დათუნაშვილი და მიხეილ მესხი. და რა თქმა უნდა არ უნდა დავივიწყოთ ”ოქროს მწვრთნელი” გავრილ კაჩალინი და ”ოქროს გუნდის ”ოქროს უფროსი” ავთანდილ ღოღობერიძე.

60-იანი წლების მეორე ნახევარსა და 70-იანი წლების პირველ ნახევარში ”დინამოს” რიგებში ბრწყინავდნენ სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული მიხეილ მესხი, შეუდარებელი სლავა მეტრეველი, საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანი მურთაზ ხურცილავა, რევაზ ძოძუაშვილი, კახი ასათიანი, გოჩა გავაშელი, გურამ პეტრიაშვილი, ფირუზ კანთელაძე, გივი და ლევან ნოდიები...

40-50-იანი წლები.
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი 1945 წელს განახლდა. თბილისელთა შორის ახალი ლიდერები გამოჩნდნენ: გაიოზ ჯეჯელავა, ნიაზ ძიაპშპა, ანდრო ზაზროევი, ვლადიმერ ელოშვილი, ავთანდილ ჭკუასელი, ვლადიმერ მარღანია, გიორგი ანთაძე...

საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი 1945 წელს განახლდა. თბილისელთა შორის ახალი ლიდერები გამოჩნდნენ: გაიოზ ჯეჯელავა, ნიაზ ძიაპშპა, ანდრო ზაზროევი, ვლადიმერ ელოშვილი, ავთანდილ ჭკუასელი, ვლადიმერ მარღანია, გიორგი ანთაძე...

სწორედ იმ წლებში გახდა დინამოელი ლეგენდარული ავთანდილ ღოღობერიძე, ფეხბურთელი, რომელიც დღემდე ”დინამოს” მრავალგზის რეკორდსმენია.

ავთანდილ ღოღობერიძე თბილისის ”დინამოში” 14 წელი თამაშობდა, საკავშირო ჩემპიონატებში 341 შეხვედრა ჩაატარა და გაიტანა 127 გოლი. 1953 წელს თბილისის ”დინამო” საოცრად ახლოს იყო ჩემპიონის ტიტულთან, მაგრამ საქმეში ”ზემდგომი ორგანოები” ჩაერივნენ, ქართველ ფეხბურთელებს მოგებული შეხვედრის გადათამაშება უბრძანეს და ტენდენციური მსაჯობის წყალობით ”დინამოს” ოქროს მედლები დააკარგვინეს.

საბოლოოდ ”დინამო” ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა. მომდევნო სეზონიდან კი კლუბის ისტორიაში პირველი კრიზისული პერიოდი იწყება - 1954 წლიდან 1958 წლის ჩათვლით ”დინამო” მეშვიდე ადგილზე მაღლა ასვლას ვერ ახერხებს. იმ წლებში გუნდის შემადგენლობაში ახალი ფეხბურთელები გამოჩნდნენ, რომლებმაც საბოლო ჯამში კლუბს 1964 წელს ჩემპიონის ტიტული მოუტანეს: შოთა იამანიძემ, ვლადიმერ ბარქაიამ, სერგო კოტრიკაძემ, მიხეილ მესხმა, ბორის სიჭინავამ, გურამ პეტრიაშვილმა, ზაურ კალოევმა, ჯემალ ზეინკლიშვილმა და სხვებმა ქართული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანის თეთრ-ლურჯი მაისურა ”დინამოსათვის” წარუმატებელ წლებში მოირგეს.

30-იანი წლები.
1936 წლის შემოდგომით თბილისელები საბჭოთა კავშირის რიგით მეორე, ”დინამოსთვის” კი პირველ ჩემპიონატში ჩაებნენ. თბილისის ”დინამომ” საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში ასპარეზობის მანძილზე საერთო ჯამში 1424 შეხვედრა ჩაატარა. ამ 1424 თამაშიდან ”დინამომ” პირველი მატჩი 1936 წლის 7 სექტემბერს კიევის ”დინამოსთან” ჩაატარა 

1936 წლის შემოდგომით თბილისელები საბჭოთა კავშირის რიგით მეორე, ”დინამოსთვის” კი პირველ ჩემპიონატში ჩაებნენ. თბილისის ”დინამომ” საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში ასპარეზობის მანძილზე საერთო ჯამში 1424 შეხვედრა ჩაატარა. ამ 1424 თამაშიდან ”დინამომ” პირველი მატჩი 1936 წლის 7 სექტემბერს კიევის ”დინამოსთან” ჩაატარა . ქართველ და უკრაინელ ფეხბურთელთა დაპირისპირება საყაიმო ანგარიშით - ფრედ 2:2 დასრულდა. თბილისელთაგან გოლები ნიკოლოზ სომოვმა და ბორის პაიჭაძემ გაიტანეს, გუნდის შემადგენლობა კი ასეთი გახლდათ: ალექსანდრე დოროხოვი, შოთა შავგულიძე (ედუარდ ნიკოლაიშვილი), ბუკა ბერძენიშვილი, ნიკოლოზ ანიკინი, ვლადიმერ ჯორბენაძე, გრიგოლ გაგუა, ილია პანინი, მიხეილ ბერძენიშვილი, ბორის პაიჭაძე, მიხეილ ასლამაზოვი, ნიკოლოზ სომოვი. პირველი გამარჯვება ”დინამომ” თვრამეტი დღის შემდეგ, 25 სექტემბერს, მეორე ტურში, თბილისში, მოსკოვის ”სპარტაკთან” მოიპოვა. მიხეილ ბერძენიშვილის ერთადრეთმა გოლმა თამაშის ბედი ”დინამოს” სასარგებლოდ გადაწყვიტა. სადებიუტო სეზონში ”დინამომ” საბოლოოდ მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა - ლენინგრადის ”კრასნაია ”ზარიასთან” 2:3 მარცხმა თბილისელებს ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შანსი მოუსპო. იმავე 1936 წელს ”დინამომ” ერთი ისეთი შეხვედრა ჩაატარა, რომელსაც დღემდე იხსენებენ საფეხბურთო ისტორიკოსები - საბჭოთა კავშირის თასის გათამაშების მეოთხედფინალში ქართველმა ფეხბურთელებმა მოსკოვში ადგილობრივ ”სპარტაკს” 6:3 (!) მოუგეს. ამ გუნდების პირველი დაპირისპირება, რომელიც 16 აგვისტოს გაიმართა, ფრედ 3:3 დასრულდა. გამარჯვებულის გასარკვევად 4 დღის შემდეგ, მეტოქენი მეორედ წარსდგნენ ერთმანეთის პირისპირ. კვლავ 3:3. დამატებით დროში კი თბილისელებს სამი უპასუხო ბურთი გააქვთ და საბოლოოდ 6:3! 1936 წელს ”დინამო” თასის გათამაშების ფინალში გადის, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში მოსკოვის ”ლოკომოტივთან” 0:2 მარცხდება.

30-იანი წლების მეორე ნახევარში თბილისის ”დინამო” საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი უძლიერესი კლუბია, გუნდი ორჯერ ხდება ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი, ერთხელ ბრინჯაოს მედალს ეუფლება, ორჯერ თასის ფინალში გადის...

1937 წელს თბილისის ”დინამომ” ისტორიაში პირველი საერთაშორისო მატჩი ჩაატარა - საბჭოეთს ბასკ ფეხბურთელთა ნაკრები ესტუმრა. ”დინამო” ესპანელ მოთამაშეებს თბილისში 24 ივლისს დაუხვდა. მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვების წყურვილი საოცრად დიდი იყო, იმ დროისათვის უფრო თანამედროვე ფეხბურთის მიმდევარმა ბასკებმა 2:0 გაიმარჯვეს.

1941 წელს მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ, ცხადია საკავშირო ჩემპიონატებზეც იმოქმედა - 1941 წლის ჩემპიონატი შუაში შეწყდა, არადა იმ წელს ”დინამო” შესანიშნავად ასპარეზობდა. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების განახლებამდე, 1944 წელს თბილისის ”დინამო” პირველ საზღვარგარეთულ ტურნეში გაემგზავრა - ქართველ ფეხბურთელებს ირანმა უმასპინძლა.

1944 წლის ოქტომბერში თბილისის ”დინამომ” ირანის დედაქალაქ თეირანში ორი შეხვედრა ჩაატარა - 20 ოქტომბერს ირანის ნაკრები დაამარცხა 5:1, ერთ კვირაში კი თეირანის ნაკრებსაც სძლია - 4:0.

20-იანი წლები
თბილისის "დინამოს" ისტორია 1925 წლის შემოდგომიდან იღებს სათავეს-სპორტსაზოგადოება "დინამოს" ხელმძღვანელებმა საფეხბურთო გუნდი ჩამოყალიბეს. თბილისის "დინამომ" პირველი შეხვედრა 1926 წლის 6 იანვარს ბაქოელ თანაკლუბელებთან ჩაატარეს.

თბილისის "დინამოს" ისტორია 1925 წლის შემოდგომიდან იღებს სათავეს-სპორტსაზოგადოება "დინამოს" ხელმძღვანელებმა საფეხბურთო გუნდი ჩამოყალიბეს. თბილისის "დინამომ" პირველი შეხვედრა 1926 წლის 6 იანვარს ბაქოელ თანაკლუბელებთან ჩაატარეს. შედარებით გამოცდილმა მეტოქემ მინიმალური ანგარიშით 1:0 მოიგო. "დინამოს" შემადგენლობა ასეთი გახლდათ: დ. ცომაია, ა. ფოჩხუა, მ. ბლანკმანი, ი. ფიოდოროვი, ნ. ანიკინი, ა. გონელი, ა. პივოვაროვი, ო. გოლდობინი, ა. გალპერინი, ს. მასლენნიკოვი და ვ. ცომაია. 3 დღის შემდეგ "დინამომ" ბაქოს მეორე კლუბს "პროგრესს" უმასპინძლა და ამჯერად იოლად სძლია მეტოქეს - 3:0. მიუხედავად იმისა, რომ 30-ინი წლების შუაწელში ქართველი ფეხბურთელების სიძლიერე აშკარაა ("დინამო" თბილისში 9:5 ამარცხებს რუსული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანს მოსკოვის "დინამოს", ლენინგრადის "დინამოს" კი 3:2-ს უგებს), საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციამ 1936 წელს დინამოელებს ქვეყნის პირველ ჩემპიონატში უმაღლესი ლიგის ნაცვლად პირველ ლიგაში მიუჩინა ადგილი. საბჭოთა ფეხბურთის მმართველი ორგანოს შეცდომა მალე "დინამომ" თავად გამოასწორა - ექვსი მეტოქიდან ხუთი დაამარცხა (დნეპროპეტროვსკის "დინამო" 5:0, მოსკოვის "ტორპედო" 2:1, მოსკოვის "მეტალურგი" 2:0, ლენინგრადის "სტალინეცი" 3:1, ლენინგრადის "სპარტაკი" 6:1), ერთთან ფრედ ითამაშა (მოსკოვის "სტალინეცი" - 1:1) და უმაღლესი ლიგის საგზურს დაეუფლა! ამ შეხვედრაში დინამოელთა ღირსება ალექსანდრე დოროხოვმა, შოთა შავგულიძემ, ედუარდ ნიკოლაიშვილმა, გრიგოლ გაგუამ, ვლადიმერ ბერძენიშვილმა, ნიკოლოზ ანიკინმა, ილია პანინმა, მიხეილ ბერძენიშვილმა, ბორის პაიჭაძემ, მიხეილ ასლამაზოვმა, ნიკოლოზ სომოვმა და ალექსანდრე აბაშიძემ დაიცვეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2014