08.07.2019
გიორგი ქიმაძე: ვეცდებით, რაც შეიძლება, შორს წავიდეთ

თბილისის “დინამომ” ქუთაისის “ტორპედოდან” უნივერსალი გიორგი ქიმაძე შეიმატა - 27 წლის ნახევარმცველი, ვისაც არაერთი მნიშვნელოვანი გოლი გაუტანია შიდა თუ საევროთასო შეხვედრებში.

ქიმაძე ერთ-ერთი მთავარი კაცი იყო “ტორპედოს” შარშანდელ, ასე თუ ისე წარმატებულ ევროოდისეაში და წლეულსაც ჰქონდა კარგი მატჩები. გუშინ “ლელო” თბილისელთა ახალწვეულს დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა:

- “დინამოში” ახალმისული ხართ - როგორია პირველი შთაბეჭდილებები?

- ძალიან კარგი! სიმართლე გითხრათ, არც კი ველოდი ამდენს. ძალიან თბილად მიმიღეს ბიჭებმა. ყველაფერი შესანიშნავადაა. ზოგიერთ მათგანს მანამდეც ვიცნობდი. ასე რომ, ყველაფერი ძალიან კარგადაა.

- თბილისის “დინამოში” თქვენი მისვლა ბათუმის “დინამოსთან” მნიშვნელოვან გამარჯვებას დაემთხვა. რას იტყვით ამ თამაშზე?

- ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი. ერთმანეთს საქართველოს ჩემპიონატის ორი გამორჩეული გუნდი ხვდებოდა. ეს მატჩი ჩემთვისაც მნიშვნელოვანი იყო, რადგან პირველი გახლდათ თბილისის “დინამოს” შემადგენლობაში. ძალიან გახარებული ვარ გამარჯვებით.

- ცოტაც და, “დინამო” ევროთასებზე ჩაებმება. როგორია თქვენი მოლოდინი?

- ვედებით, რაც შეიძლება, შორს წავიდეთ ევროთასებზე. დიდი მოლოდინი გვაქვს ყველას. დღევანდელ ფეხბურთში არ არსებობს იოლი მეტოქე, მაგრამ ეს პირველი ბარიერი რომ უნდა გავიაროთ, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მერე კი “გაბალასთან” სათამაშოდ მოვემზადებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ბარიერიც დავძლიოთ.

- არაერთი წელი გაატარეთ ქუთაისის “ტორპედოში”...

- ძალიან საწყენია, რაც “ტორპედოში” ხდება. უკვე კარგა ხანია, არსებობდა ფინანსური დავალიანება და სულ მქონდა იმედი, უფრო სწორად რომ ვთქვა, საკუთარ თავს ვაჯერებდი, რომ უკეთესობისკენ შეიცვლებოდა მდგომარეობა, მაგრამ... არსაიდან არ გამოჩნდა საშველი. “ტორპედო” ძალიან დიდი ისტორიის მქონე კლუბია, დიდი ტრადიციები აქვს და არ იმსახურებს ასეთ დღეში ყოფნას. იმედი მაქვს, ვითარება მართლაც შეიცვლება უკეთესობისკენ.

- კარგა ხანია, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში თამაშობთ. როგორ ფიქრობთ, საით მივდივართ?

- ჩემი აზრით, პროგრესი ჩანს. თუნდაც ის რად ღირს, რომ ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟია ინტერნეტით და ხალხს საშუალება აქვს, თამაშები ნახოს. იმედი მაქვს, მალე ტრიბუნებზე მაყურებელიც მოიმატებს. ამას ჩვენი თამაშით უნდა შევუწყოთ ხელი.

- ზოგადად, ფეხბურთელისთვის რას ნიშნავს მაყურებელი?

- ძალიან ბევრს! როცა ტრიბუნებზე მაყურებელს ხედავ, სულ სხვანაირი მოტივაციით გადიხარ სათამაშოდ. რისთვის თამაშობს ფეხბურთელი? რა თქმა უნდა, მაყურებლისთვის. ამით ყველაფერი ნათქვამია.

- თქვენ დაცვაშიც შეგიძლიათ თამაში და შეტევაშიც. “დინამოში” უფრო რომელ პოზიციაზე მოგიაზრებთ სამწვრთნელო შტაბი?
-

მარცხენა მცველად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019