04.07.2013
თბილისის დინამო და ევრორეალობა - ავსტრიული შეკრების შეჯამება

4 ივლისს ორი ქართული გუნდი (საჩხერის "ჩიხურა", ქუთაისის "ტორპედო") ევროპის ლიგის საშინაო მატჩებს ჩაატარებს, ორი კვირის მერე კი ევროტურნირების გათამაშებაში გორის "დილა" და თბილისის "დინამო" ჩაერთვებიან.

ადრეც აღვნიშნეთ და დღესაც გავიმეორებთ, რომ ევროტურნირების საწყისი ეტაპების წილისყრის შედეგები ქართული გუნდებისათვის არაერთგვაროვანი იყო და ყველაზე მეტად თბილისის "დინამოს" გაუმართლა! ვინც რა უნდა ილაპარაკოს თანამედროვე ფეხბურთში მიმდინარე ძალთა გათანაბრების ტენდენციაზე, რეალობა ასეთია: ჩემპიონთა ლიგაზე ხუთწლიანი პაუზის მერე დაბრუნებული თბილისის "დინამო", უბრალოდ, ვალდებულია, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლიოს!

ჰო, მნიშვნელობა არა აქვს, საქართველოს ჩემპიონს მეორე ეტაპზე მეტოქედ ვინ ეყოლება (ანდორის "ლუზიტანსი" თუ ფარერების "სტრეიმური"): "დინამოს" ქომაგები რომ უკვე მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ფიქრობენ, ვფიქრობთ, ჩვეულებრივი ამბავი უნდა იყოს.

მოკლედ, მშვენიერი შანსია, რომ ჩვენთვის საწყისი ეტაპი უპრობლემოდ გავიაროთ, მაგრამ შემდეგ რის იმედზე უნდა ვიყოთ?

ბოლოს და ბოლოს, იმავე მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ხომ ანდორისა თუ ფარერების კი არა, საშუალო და ოდნავ მეტი დონის ევროპული ქვეყნების ჩემპიონთაგანს უნდა ვეპაექროთ?!

არადა, რეალურად რომ ვიმსჯელოთ, მესამე ეტაპის დაძლევა (გამომდინარე იქ მონაწილე გუნდებიდან) სავსებით შესაძლებელია; ამას კი პლეი ოფი მოჰყვება, რაც იმას ნიშნავს, რომ შემოდგომაზე ყველანაირად გარანტირებული გვაქვს... ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობა: ან - ჩემპიონთა ლიგის, ან კიდევ - ევროპალიგის!

თუმცა ნამეტნავად "წინ წავედით" და ახლა ის ვთქვათ, თუ რამდენად არის მზად საქართველოს ყველაზე ტიტულიანი კლუბი წლევანდელი ევროტურნირებისათვის; უფრო ზუსტად, იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ეტაპი გაიაროს...

შახტარს წაგება გავახსენეთ...
ზემოთ ნახსენები წილისყრისა არ იყოს, ამ შემთხვევაშიც არცთუ დიდი ხნის წინათ გამოთქმულ მოსაზრებას დავუბრუნდებით: ბევრს მიაჩნია, რომ ევროტურნირების დაწყებამდე თბილისის "დინამოს" უფრო მეტი აქტიურობა მართებდა "სატრანსფერო ბაზარზე".

არა, სიახლეები როგორ არ არის: "დინამოში" ჩაირიცხა ნიჭიერი ნახევარმცველი ელგუჯა გრიგალაშვილი, ავსტრიულ შეკრებაზე იყვნენ პოტენციური ახალწვეულები დავით ხურცილავა და გიორგი მიქაბერიძე, იჯარიდან დაბრუნებული ირაკლი ლექვთაძე, პლუს რამდენიმე პერსპექტიული ახალგაზრდა ფეხბურთელი ("დინამო-2"-იდან თუ დუბლშემადგენლობიდან).

არ დაგვავიწყდეს მეტ-ნაკლებად ყველაზე "ხმაურიანი" შენაძენიც: ცხრაწლიანი პაუზის შემდეგ "დინამოში" დაბრუნდა გამოცდილი დავით კვირკველია!

თუმცა, კიდევ ვიმეორებთ, რომ ბევრის აზრით, ჩემპიონთა ლიგის წინ "დინამოს" სულ მცირე, ორი-სამი მაღალი კლასის ფეხბურთელით გაძლიერება ნამდვილად არ აწყენდა. ისე, ნუ გამოვრიცხავთ, რომ უახლოეს დღეებში საინტერესო ტრანსფერის ამბავი შევიტყოთ: ავსტრიული შეკრების ბოლოს გუნდის მთავარი მწვრთნელის, დუშან უჰრინის კომენტარიც მინიშნებით კი არა, პირდაპირი მნიშვნელობით ამას მოწმობდა.

ეგ კი არა, კონკრეტული რგოლიც დაასახელა ჩეხმა სპეციალისტმა ("თავდასხმაში გაძლიერება გვჭირდებაო") და ძნელია, არ დაეთანხმო დუშან უჰრინს: ავსტრიაში ჩატარებულ ოთხ საკონტროლო მატჩში "დინამომ" მხოლოდ ერთადერთი გოლი გაიტანა!

რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტიც, თუ რა დონის მეტოქეებთან უწევდა სპარინგი ჩვენს ყველაზე ტიტულიან კლუბს; "დინამოს" ხელმძღვანელებსა თუ სამწვრთნელო შტაბს ნამდვილად შეეძლოთ ავსტრიაში ისეთი "მეტოქეების" გამონახვა, რომლებთაც ორნიშნაციფრიანი ანგარიშით დაამარცხებდნენ, მაგრამ ეს ხომ თავის მოტყუება გამოვიდოდა? ანუ, ჩვენი აზრით, სავსებით სწორად იყო შერჩეული ერთმანეთზე ძლიერი ოთხი სპარინგ-პარტნიორი, რომლებთან პაექრობებშიც "დინამოს" თითოეული ფეხბურთელის პლუს-მინუსი ნათლად წარმოჩინდებოდა.

საერთოდაც, სეზონისწინა შეკრებაზე ჩატარებული მატჩების შედეგს არსებითი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს (მით უფრო, ძლიერ მეტოქეებთან), მაგრამ მაინც უნდა ვაღიაროთ, რომ ალბათ, ბევრი არ ელოდა დონეცკის "შახტართან" გამარჯვებას; გუნდთან, რომელიც, საერთოდ, იშვიათად აგებს (უკრაინის ჩემპიონატში წინა სეზონში მხოლოდ ერთი მატჩი წააგო) და არც ის დაგვავიწყდეს, რომ "შახტარის" გამოცდილმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ "დინამოს" წინააღმდეგ, ფაქტობრივად, უძლიერესი შემადგენლობა გამოიყვანა!

ჰო, ყველანი იყვნენ: დარიო სრნაც, ტომაშ ჰუბშმანიც, უკრაინის ნაკრების ფეხბურთელებიც (პიატოვი, კუჩერი, რაკიცკი) და, რაღა თქმა უნდა, დონეცკელთა გუნდის სოლიდური ბრაზილიური "დიასპორაც" (დუგლას კოშტა, ტაისონი, ტეიშეირა, ლუის ადრიანო)! ანუ, წინა სეზონთან შედარებით, მხოლოდ ორი ლიდერი აკლდათ: "ჩელსიში" 40 მილიონ ევროდ გადასული ფერნანდინიო და ასევე ერთ-ერთ გრანდში ჩასარიცხად "გამზადებული" ჰენრიხ მხითარიანი.

აი, ასეთ მეტოქესთან გამარჯვებას (მერე რა, რომ ამხანაგური მატჩი იყო) მართლაც სხვა ფასი აქვს; თანაც, წაგებას გადაჩვეული "შახტარის" ფეხბურთელები "დინამოსთან" მატჩის მიწურულს აშკარა აგრესიაზეც გადავიდნენ, - ჩემპიონთა ლიგაზე (შინ თუ გარეთ) თითქმის ყველასთან უპრობლემოდ იმარჯვებენ და აი, ჩვენს "დინამოს" ვერაფერი მოუხერხეს...

უპრობლემო რგოლი
"შახტართან" მატჩის ერთ-ერთი გმირი გიორგი ლორია გახლდათ: "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების მეკარემ დუგლას კოშტას პენალტიც აუღო და, საერთოდ, ის მატჩი ჩვეულ, მაღალ დონეზე ჩაატარა.

ლორიამ ავსტრიულ შეკრებაზე ოთხივე მატჩი ძირითადში დაიწყო, თუმცა ურიგოდ არც მისი დუბლიორი, ახალგაზრდა თორნიკე ზარქუა გამოიყურებოდა.

განსაკუთრებით, "კრასნოდართან" მატჩი გვინდა აღვნიშნოთ, როცა შეცვლაზე შემოსულმა ზარქუამ მეორე ტაიმში, სულ მცირე, ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი.

საიმედო და კონკურენტული გარემო
დუშან უჰრინი ძირითად შემადგენლობაში როტაციას იშვიათად (უფრო, გამოუვალი მდგომარეობის გათვალისწინებით) მიმართავს ხოლმე და ამ მხრივ გამონაკლისი არც ავსტრიული შეკრება იყო (განსაკუთრებით კი, დაცვის ხაზის დაკომპლექტება). ისიც სასიამოვნო ამბავია, რომ ამ რგოლში "დინამოში" ერთობ მძაფრი კონკურენციაა:

მარჯვენა მცველის პოზიციაზე გიორგი სეთურიძეს აქამდე ალტერნატივა თუ არ ჰყავდა, ახლა კონკურენტი გამოუჩნდა დავით ხურცილავას სახით (ამ უკანასკნელმა ავსტრიაში 2 მატჩი ძირითადში დაიწყო); მარცხენა ფლანგზე გამოცდილი დავით კვირკველიას გამოჩენით დარკო გლიშიჩის პოზიციები შესუსტდა, თუმცა მაკედონიელი ფეხბურთელი ხშირად ნახევარდაცვაშიც გვინახავს.

რაც შეეხება ცენტრალურ მცველთა "დუეტს", აქ მოულოდნელი არაფერი მომხდარა: გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, გივი კვარაცხელიას მეწყვილე ორ მატჩში გიორგი შაშიაშვილი იყო, დანარჩენ ორში კი - უსტარიცი.

აქვე, არ დაგვავიწყდეს შაშიაშვილის უნივერსალური თვისებებიც: ამ გამოცდილ ფეხბურთელს დაცვის ხაზში ნებისმიერ პოზიციაზე წარმატებით შეუძლია თამაში.

ავსტრიულ შეკრებაზე მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა მოედანზე ახალგაზრდა ცენტრალური მცველი გიორგი გველესიანი, რომელმაც წინა სეზონის დასკვნით ნაწილში რამდენიმე მატჩი ძირითადში ერთობ წარმატებულად ჩაატარა.

დუშან უჰრინი კმაყოფილი იყო დებიუტანტი მცველების, ოთარ კაკაბაძისა და სანდრო გურეშიძის მონდომებითაც - 18 წლის ბიჭები პირველად იმყოფებოდნენ შეკრებაზე ძირითად გუნდთან ერთად და უდიდეს გამოცდილებასაც შეიძენდნენ.

შუახაზს არაფერი დაეწუნება...
ვინც რა უნდა თქვას, დღესაც იმ აზრის ვრჩებით, რომ მიკელ ალვაროს წასვლა "დინამოსთვის" უდიდესი დანაკლისია; თუმცა ავსტრიულ შეკრებაზეც გამოჩნდა, რომ პეტერ გრაიციარი "დინამოს" ერთ-ერთ ლიდერად ყალიბდება - სლოვაკ ნახევარმცველს მარჯვნივაც შეუძლია თამაში, მარცხნივაც და საყრდენის პოზიციაზეც ჩინებულად გამოიყურება.

დიდი ინტერესით ველოდებით ირაკლი ლექვთაძის "დინამოში" დარჩენა-არდარჩენის საკითხსაც - ამ ახალგაზრდა გარემარბს სისწრაფე არ დაეწუნება და ვფიქრობთ, კონკურენციის გაწევაც შეეძლება თავისზე გამოცდილ პარტნიორებთან.

კონკურენტი გამოუჩნდა გიორგი მერებაშვილსაც - "ტორპედოდან" გადმოსული ელგუჯა გრიგალაშვილი "შახტართან" მატჩში სულაც ძირითადში იყო, ორჯერ კი შეცვლაზე შემოვიდა.

რაც შეეხება საყრდენებს, ორ ადგილზე სამი ღირსეული კანდიდატია: ლევან ხმალაძე და ირაკლი ძარია აქამდე თუ შეუცვლელ ფეხბურთელებად მიიჩნეოდნენ, ახლა გიორგი პაპავას სახით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდათ.

პაპავამ ორი მატჩი (კიევის "დინამოსთან" და "კლუჟთან" ) ძირითადში დაიწყო და გვჯერა, რომ ეს ახალგაზრდა ბიჭი ოფიციალურ შეხვედრებშიც შეძლებს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას.

ჩინებული დუეტია, მაგრამ...
წესითა და რიგით, ყველაზე უპრობლემო რგოლი თავდასხმა უნდა იყოს: ორი მართლაც გამორჩეული გოლეადორის, ჩისკოსა და ჯაბა დვალის "დუეტს" ძალიან ბევრი გუნდი ისურვებდა; თუმცა, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ არც ჩისკოს და არც დვალს, ფაქტობრივად... კონკურენტი არ ჰყავთ.

ანუ ჩვენს ჩემპიონატში მხოლოდ ამ ორი შესანიშნავი ფორვარდითაც თუ შეიძლება წარმატების მიღწევა, ევროტურნირებზე ეს საკმარისი არ უნდა იყოს.

ისე, ავსტრიაში ეპიზოდურად ჩნდებოდნენ სხვა წინახაზელებიც (გიორგი მიქაბერიძე, დათა ხოჭოლავა, ლაშა შინდაგორიძე), მაგრამ ბევრი დაგვეთანხმება, რომ ევროტურნირების მატჩებისთვის "დინამოს" შეტევის ხაზში მრავალფეროვნებასთან ერთად, სულ მცირე, ერთი მაღალკვალიფიციური თავდამსხმელის გამოჩენა საჭირო იქნება.

თუმცა, არ გამოვრიცხოთ, რომ არამხოლოდ ახალი ფორვარდი, საერთოდ, ახალი ფეხბურთელ(ებ)ი უფრო ადრეც ვიხილოთ "დინამოს" შემადგენლობაში: 7 ივლისს ხომ ამხანაგური მატჩის ჩასატარებლად მოსკოვის "დინამო" უნდა გვესტუმროს...



ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იხილეთ ბმული

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2018